კამპანია „ჯანმრთელი დაბერების“ - ფარგლებში დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება
აპრილის თვიდან, საქართველოს კარიტასი შეურთდა გაერთიანებული ერების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კამპანიას „ჯანმრთელი დაბერება“, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.
კამპანიის მიზანია ჯანმრთელი სიბერის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და სიბერის პროცესის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებაა. სწორედ ამ მიზნით კარიტასის პირველი აქტივობა მედია კამპანიაა, რომელიც მიზანდ ისახავს მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია იმ სირთულეების შესახებ, რომელიც სიბერეს თან სდევს და მისცეს რეკომენდაციები, არა მხოლოდ ხანდაზმულებს, არამედ ახალგაზრდებსაც, თუ როგორ შეიძლება ეს პროცესი უფრო მარტივად განვითარდეს და ასაკს ადამიანიც უფრო ენერგიული და მომზადებული შეხვდეს.
კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციის მიერ დაიგეგმა რამოდენიმე შემეცნებითი ხასიათის სოციალური აქცია და ღია კარის დღე, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმერ დაინტერესებულ პირს საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული სერვისების შესახებ მიიღოს საჭირო ინფორმაცია. სპეციალისტები და ექიმები ადგილზე გაუწევენ მომსახურეობას ნებისმიერ მსურველს.
„გვიხარია, რომ წელს საშუალება გვაქვს შევუერთდეთ „ჯანმრთელი დაბერების“ კამპანიას. ჩვენი ჩართულობით არა მხოლოდ სწორ ინფორმაციას მივაწვდით მოსახლეობას, არამედ კონკრტულ სერვისებსაც შევთავაზებთ, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ხანდაზმულ ადამიანებს“, - განაცხადა საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერმა ბატონმა გაიოზ ყუბანეიშვლმა.
პირველი აქცია კარიტასის მიერ 9 მაისს, ვაკის პარკში დაიწყება. მისი მიზანი საზოგადოებაში „ჯანმრთელი დაბერების“ შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
მეორე აქცია, რომელიც 17 მაისს არის დაგეგმილი დაკავშირებულია ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან. ვაკის პარკში, საქართველოს კარიტასის მოხალისეები დაარიგებენ საინფორმაციო ბროშურებს, ექიმები კი ნებირმიერ მსურველს ჩაუტარებენ კონსულტაციას და ადგილზე მისცემენ რეკომენდაციებს.
რას ნიშნავს ჯანმრთელი დაბერება:
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჯანსაღ დაბერებას განსაზღვრავს როგორც პროცესს, რომლიც ეხმარება ადამიანის ორგანიზმს ფუნქციონირების შენარჩუნებაში, რათა ხანდაზმულ ასაკში ის ფიზიკურად მხნე და სოციალურად აქტიური დარჩეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას საკითხთან დაკავშირებით შემუშავებული აქვს რეკომენდაციები და მსოფლიოში ჯანსაღი სიბერის პროპაგანდას აქტიურად ეწევა.
ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა ხანდაზმულ ასაკშიც იცხოვროს აქტიური ცხოვრებით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ფიზიკურად აქტიურ ხანდაზმულებს სიკვდილიანობის უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე ფიზიკურად პასიურ ხანდაზმულებს.ხოლო დაავადებები, რომლებიც შესაძლოა, ასაკში განვითარდეს, სათანადო ყურადღების მიქცევის შემთხვევაში, არ უშლის ხელს ჯანსაღი დაბერების კონცეფციას. კონცეფცია ჯანსაღი სიბერის შესახებ გულისხმობს ისეთი პირობების და შესაძლებლობების შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს პიროვნებას მთელი ცხოვრების განმავლობაში დაკავდეს მისთვის ფასეული საქმიანობით.
ჯანსაღი დაბერება ნიშნავს მდგომარეობის გაუმჯობესებას და ორგანიზმის შესაძლებლობების ოპტიმიზირებას, რომელიც ხელს შეუწყობს ხანდაზმული ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, ასევე სოციალურ აქტიურობას, რაც თავის მხრივ, დაეხმარება მას, დისკრიმინაციის გარეშე დარჩეს საზოგადოების აქტიურ წევრად, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და ცხოვრების მაღალი ხარისხი.
ყველაზე მნიშვნელოვანი ხანდაზმულ ასაკში როგორც ფიზიკურ, ასევე, ემოციურ ცვლილებებთან შეგუება და გაცნობიერებაა. ხანდაზმულ ასაკში უფრო ხშირად კარგავენ საყვარელ ადამიანებს, დამოუკიდებლობას, სოციალურ სტატუსს. დანაკარგების შეგუება და ფიზიკური და ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება შესაძლებელია ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვით, ფიზიკური აქტივობით, ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული ტკივილის მართვით, ძილის რეჟიმის მოწესრიგებით, იმუნური სისტემის მოწესრიგებით.
ჯანმრთელი სიბერის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია, ასევე, გონების ვარჯიში, რადგან სხეულთან ერთად ტვინიც მუდმივად საჭიროებს აქტიურ რეჟიმში ყოფნას. კროსვორდები, ფაზლები, გონების თამაშები, ახალი ენის შესწავლა მნიშვნელოვანად ეხმარება გონებას უნარების შენარჩუნებაში. პოზიტიური აზროვნება და ცვლილებებთან შეგუება, ახალი მიზნების დასახვა ასევე მნიშვნელოვნად ეხმარება ხანდაზმულებს ჰქონდეთ აქტიური და ნაყოფიერი ცხოვრება. რაც ყველაზე მთავარია, ხანდაზმულებმა საკუთარ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას ყურადღება მუდმივად უნდა მიაქციონ და დროულად მიმართონ ექიმს. ამ და სხვა საჭირო რეკომენდაციებსა და ინფორმაციას „საქართველოს კარიტასი“ მოსახლეობას სპეციალისტების დახმარებით მიაწვდის.
წყარო: