Saintereso.com
17 November 2018, 22:10
ჩემი ლექტორიც იმავე ხელფასზე მუშაობს, რაზეც მე - თამარ გოგრიჭიანის წარმატების ისტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, სამზარეულოში ფუსფუსი მისი გატაცება იყო და ამ სფეროში პროფესიული განათლების მიღებაც გადაწყვიტა. თუმცა, საყვარელმა საქმემ მის ცხოვრებაში დიდი ადგილი დაიკავა. დღეს თამარ გოგრიჭიანი მზარეულის პროფესიით არის დასაქმებული და ახლახანს პროფესიულ განათლებაში წლის საუკეთესო სტუდენტის ჯილდოც მოიპოვა- ათასწლეულის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018“-ის მფლობელი გახდა. „საკმაოდ პრესტიჟული ჯილდოა და ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. მიხარია, რომ მსგავს ღონისძიებებს ატარებენ და ზოგადად, პროფესიულ განათლებას ხელი ეწყობა. ეს დიდი მოტივაციის წყაროა ჩემთვის. ასეთ დროს უფრო თავდაჯერებული ხდები და უფრო მეტის კეთების სურვილი გიჩნდება,“- ამბობს თამარ გოგრიჭიანი.  მომავლის გეგმებზე საუბრისას, თამარ გოგრიჭიანი ამბობს, რომ მიუხედავად უმაღლესში მიღებული განათლებისა, საქმიანობას პროფესიული განათლების ფარგლებში შეძენილი პროფესიით განაგრძობს.  „აქ უფრო ვხედავ ჩემ თავს და ვფიქრობ, ამ მიმართულებით უფრო წარმატებული ვიქნები. ძალიან ბევრი რამ ვისწვალე კოლეჯში. ყველაზე მნიშვნელოვანი - ჩემი პროფესიის სიყვარული ვისწავლე. როცა იმას აკეთებ, რაც გიყვარს არასდროს იღლები. ეს შემოქმედებითი პროცესია და არა სამუშაო, რომელსაც მხოლოდ იმიტომ ასრულებ, რომ ანაზღაურება მიიღო,“- ამბობს თამარ გოგრიჭიანი.  თამარ გოგრიჭიანმა პროფესიულ კოლეჯში 2016 წელს ჩააბარა. სწავლის დაწყებიდან 7 თვეში სტაჟირება „ბილტმორში“ დაიწყო, რომელიც ერთ თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მეორე კვირას უკვე ანაზღაურებადი სამსახური შესთავაზეს. მას შემდეგ კარიერულ კიბეზე ორი საფეხურით დაწინაურდა. პარალულურად იღებდა შემოთავაზებებს სხვა კომპანიებისგან, თუმცა ამბობს, რომ გარემო სადაც მუშაობს, ოჯახურია, შეეჩვია და განვითარებისა და წინსვლის პერსპექტივასაც სწორედ აქ ხედავს. დღეს თამარ გოგრიჭიანს იმ ოდენობის ხელფასი აქვს, რამდენიც მის ლექტორს. „ზოგადად, ამ სფეროში მაღალი ანაზღაურებაა. მაგალითისთვის გეტყვით, ლექტორთან ვსაუბრობდი უნივერსიტეტში და აღმოჩნდა, რომ ჩემი ლექტორიც იმავე ხელფასზე მუშაობს, რაზეც მე. ასოცირებული პროფესორია ეს ადამიანი, მე კი ამ სფეროში ახალი ვარ. 2 წლის სტაჟი მაქვს, ამხელა განსხვავებაა ჩვენს პროფესიულ განვითარებაში, მაგრამ ანაზღაურება ერთნაირი გვაქვს. ამასთან, კარიერულ განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ანაზღაურების გაზრდის პერსპექტივაც დიდია,“- ამბობს გოგრიჭიანი.    პროფესიული განათლება გაცვლით პროგრამებსაც მოიცავს. საზღვარგარეთ სტაჟირების გავლის დროს, საკმაოდ რეალურია იქ დასაქმებაც და ამის მაგალითებიც გვაქვს. თამარ გოგრიჭიანი იხსენებს, რომ ცოტა ხნის წინ, მსგავსი პროგრამით კოლეჯიდან გერმანიაში წასულ სტუდენტებს სამუშაოდ დარჩენა შესთავაზეს. თამარ გოგრიჭიანის სამომავლო გეგმები მის ლამაზ მოგონებებს და რაჭაში, სოფელ გლოლაში გატარებულ ბავშვობის წლებს უკავშირდება. „თბილისში დავიბადე, მაგრამ შემდეგ 5 წელი რაჭაში, სოფელ გლოლაში გავატარე. შესანიშნავი ბავშვობა მქონდა, პირველი კლასიდან მეხუთემდე ვცხოვრობდი იქ და ეს პერიოდი ჩემთვის დაუვიწყარი მოგონებებია. იქაურობა ისე მიყვარს, რაღაც პერიოდის შემდეგ, მგონია, აუცილებლად დავბრუნდები. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ იქ პატარა რესტორანს გავაკეთებ,“- ამბობს თამარ გოგრიჭიანი.  წყარო:
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი