Civil.ge
13 March 2018, 15:05

საქართველოს ხელისუფლება ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ განცხადებას, რომელშიც მოსკოვი „სამწუხარო ინციდენტს“ უწოდებს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას და მიესალმება თბილისის ინიციატივას სოხუმთან და ცხინვალთან „პირდაპირი დიალოგის“ დაწყების შესახებ.

მოსკოვის განცხადებას მოკლე კომენტარით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ხაზი გაუსვა ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე მხარეები შეძლებენ „ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, „გადადგას ნაბიჯები ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებით, „სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენს პრაგმატულ მიდგომას არ პასუხობს თავისი პრაგმატული მიდგომით“. მისივე თქმით, „მთლიანად პასუხისმგებლობა ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ეკისრება რუსულ მხარეს, რომელიც არის სრული კონტროლის განმახორციელებლი მხარე“. კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მოლოდინია, რომ რუსეთი „კონსტრუქციულ მიდგომას“ გამოიჩენს. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს უახლოეს დღეებში გადაეცემა.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე, მიიჩნევს, რომ გუშინდელი განცხადებით „რუსეთის მხარე ფაქტობრივად ცდილობს გაემიჯნოს ტატუნაშვილის მკვლელობას“. „ხაზგასმის აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ზოგადი განცხადებები და კომენტარები, არამედ ის, რომ ცხედარი სასწრაფოდ გადაეცეს ოჯახს. რუსეთის მხარე ვერ აარიდებს თავს პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც მოხდა“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე. მისივე თქმით, ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხის გადასაჭრელად, ქართულმა მხარემ ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოიყენა. „ის ბერკეტი, რაც იყო დარჩენილი, რომ თვით რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებისთვის მიგვემართა, პრემიერმა ეს ნაბიჯიც გადადგა“, - დასძინა ზურაბ აბაშიძემ.

სოხუმთან და ცხინვალთან „პირდაპირი დიალოგის“ თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებას გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი. მისი თქმით, „რუსულ პოლიტიკურ თარგმანში პირველად არ ხდება ხოლმე, როდესაც რეალური სასურველით იცვლება. საუბარი არსად არ ყოფილა პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. ეს, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა და, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად ესმით ასევე რუსულ ისტებლიშმენტში“. ციხელაშვილის თქმით, საუბარია დიალოგზე აფხაზებსა და ოსებთან, საზოგადოებასთან, იმ ადამიანებთან, „რომლებთან ერთადაც წარმოგვიდგენია მომავალში ცხოვრება და ამ მომავლის მშენებლობა“. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ განცხადებას ოპოზიციური პარტიებიც გამოეხმაურნენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის გადადგომა მოითხოვა, მიიჩნევენ, რომ მოსკოვის გუშინდელი განცხადება საქართველოს ხელისუფლების „უპრინციპო და მაამებლური“ პოლიტიკის შედეგია. პარტიის ერთ-ერთი წევრის, თინათინ ბოკუჩავას თქმით, „როდესაც პრემიერ-მინისტრისგან ვისმენთ მოღალატეობრივ განცხადებებს, როდესაც მათი მინისტრები პუტინს არ ცნობენ მტრად, როდესაც არ ისჯებიან ადამიანები, რომლებიც კლავენ ჩვენ მოქალაქეებს საოკუპაციო ზოლს მიღმა და ამის შესახებ ხელისუფლებას არ სურს მიიღოს პრინციპული და ქმედითი რეზოლუციები პარლამენტში, ამ ნაბიჯებს ცხადია მოჰყვება სწორედ ისეთი დამცინავი განცხადებები, როგორიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან“.

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგა ბოკერიას თქმით, კვირიკაშვილმა თავისი „გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო და გულუბრყვილო მიმართვით“ რუსეთს საქართველოს საწინააღმდეგოდ დამატებითი „არგუმენტი“ მისცა. მისივე განცხადებით, რუსეთი კვირიკაშვილის მიმართვას სოხუმთან და ცხინვალთან „პირდაპირი დიალოგის“ შესახებ მომავალშიც გამოიყენებს და მოითხოვს, რომ საქართველომ დანაპირები შეასრულოს, „ანუ უარი თქვას იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციაა პასუხისმგებელი ამ საზარელ მკვლელობებზე და რომ ჩვენ ორმხრივი ე.წ დიალოგები ვაწარმოოთ სოხუმთან და ცხინვალთან“.

ამავე თემაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვირიკაშვილის განცხადებას პასუხობს
ოპოზიცია კვირიკაშვილის რუსეთისადმი მიმართვას ეხმაურება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართავს

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი