ambebi.ge
13 October 2017, 14:21
ვაგრძელებთ თბილისი უბნების ისტორიას... ამჯერად დიდუბეზე შევჩერდებით.
დიდუბე 1870-იანი წლებიდან ქალაქის ნაწილია. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მოიცავს წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებს. სახელწოდება წარმოდგება "დიდი დუბე-"დან ანუ დიდი ვაკე. წყაროების მიხედვით, ამ ადგილის უძველესი სახელწოდება - "ცხენის ტერფი" (V საუკუნე) იყო. ვახუშტი: "ტფილისის ჩრდილოთ არს მინდორი დიდუბისა, რომელსა პირველ ეწოდა "ცხენის ტერფი".

XIX საუკუნეში, ახლანდელი სამტრედიის ქუჩის ადგილას გერმანელთა ახალშენი, სოფელი ალექსანდერდორფი გახლდათ. ისტორია კი ასეთია: 1817-1818 წლებში რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის ფავორიტის, ბარონესა კრუდნერის აქტიური მონაწილეობითა და მფარველობით საქართველოში 500-ზე მეტი ვიუტებერგელი და ბადენელი ოჯახი ჩამოასახლეს. შეიქმნა გერმანელთა შვიდი ახალშენი. ნაწილი დასახლდა კუკიაზე, დღევანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტისა და მარჯანიშვილის ქუჩის მიდამოებში, ნაწილს კი დიდუბეში მისცეს სახაზინო მიწები, სადაც შეიქმნა გერმანელთა დასახლება, რომელსაც ალექსანდრე პირველის პატივსაცემად, ალექსანდერდორფი ეწოდა.
იმავე პერიოდში ამ ტერიტორიაზე სოფელი დიდუბეც არსებობდა. როგორც ქალაქის განაპირა სოფელი XVII-XVIII საუკუნეებში დიდუბე თბილისს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს აწვდიდა. გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის გიულდენშტედტის მიერ შედგენილ რუკაზე (1772 წელი) დიდუბის ციხე-გალავნის ნანგრევებია აღნიშნული.



XIX საუკუნის დასაწყისში შედგენილი თბილისის გეგმის მიხედვით, დიდუბეში ორი სარწყავი არხი ყოფილა, ავჭალიდან და მტკვრიდან გამოყვანილი რუები, რომლითაც ბაღებს რწყავდნენ.

1872 წელს თბილისი-ფოთის რკინიგზამ დიდუბე ორ ნაწილად გაჰყო. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს ნაძალადევი (ნახალოვკა) ეწოდა, რკინიგზასა და მუშთაედს შორის დარჩენილი ტერიტორია დიდუბედ დარჩა...

"ქართლის ცხოვრების" მიხედვით, დიდუბეში იყო მეფის საზაფხულო რეზიდენცია, სადაც 1188 წელს თამარ მეფემ დავით-სოსლანზე იქორწინა. XII საუკუნეში დიდუბეში მეფის ერთ-ერთი სასახლე და კარის ეკლესია ყოფილა.

გაზეთი "ივერია" (1888 წელი): "...მუშტაიდის ქვემოთ, დიდუბეში საცა ლორთქიფანიძის ტრამვაი, აღმოსავლეთისაკენ, წვიმას ჩაუხრამავს და ამის შემდეგ აქ გაჩენილა ხვრელები, ხალხი ჩასულა ფარნებით, უნახავთ გასასვლელები და ოთახები. ერთი გასასვლელი მიდიოდა თურმე დიდ ოთახში, რომელსაც თაღი და იატაკი აგურისა ჰქონია. როგორც სჩანს, ამ ნაგებობას დიდძალი ხალხი მიუზიდავს და წესრიგის დასაცავად პოლიციაც კი დაუყენებიათ, რათა აღეკვეთად ამ ნაგებობაში შესვლა. ეს არის და ეს. ამის შემდეგ ამ ნანგრევების შესახებ არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება და არც არავინ იცის, თუ რა ნაგებობის ნაშთი იყო ეს."
შესაძლოა, აქ სწორედ მეფის სასახლის ნაწილზე იყოს ლაპარაკი...


XX საუკუნის დასაწყისში გაზეთ "ივერია" წერდა: "დიდუბე წარმოადგენს ოთხკუთხ ალაგს ანუ საბაღოსნო სკოლის ადგილიდან ვიდრე დიდუბის ეკლესიამდე და შემდეგ კოლონიამდე. სულ შეიცავს სამ ვერს სიგრძეს, სიგანეს კი დიდუბის ქუჩიდან, სადაც დიტრიხის ლუდხანია, ვიდრე რკინიგზის ლიანდაგამდე ერთ ვერსს. ეს კვადრატი იყოფა სამ ქუჩად: 1) მუშტაიდის გასასვლელი, განაპირა ადგილი მტკვრის მხრივ: 2) ელისაბედისა, რომელიც შუა ჰყოფს დიდუბეს; 3) ანდრეევისა, რკინიგზის ლიან /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); დაგის მახლობლად."



1867 და 1910 წლების ქალაქის გეგმის მიხედვით, დიდუბის მთავარი გასასვლელი ქუჩა ელისაბედის სახელობისაა, რომელსაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლლების დამყარების შემდეგ, ბრძოლის ქუჩა ეწოდა, ხოლო ქალაქის საბჭოს 1958 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - აკაკი წერეთლის სახელობის პროსპექტი.

დიდუბის ველები გამოიყენებოდა ცხენოსნობისთვის, სადაც XIX საუკუნეში ჯირითი და სხვადასხვა აღლუმი იმართებოდა. 1848 წელს დიდუბეში პირველი ოფიციალური შეჯიბრი (დოღში) გაიმართა, 80-იან წლებში კი, ამ ადგილებში იპოდრომი აშენდა, საიდანაც 1910 წელს ცნობილმა რუსმა მფრინავმა უტოჩკინმა საჩვენებელი გაფრენა განახორციელა.



დიდუბის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ღვთისმშობლის ეკლესია, რომლის ეზოში გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა პანთეონი XIX საუკუნეში გაშენდა.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი