ambebi.ge
12 August 2017, 23:20
ინტერნეტსაიტებზე, უცხოელ ავტორთა ძველ თუ ახალშექმნილ წიგნებში სტალინზე, უმნიშვნელოვანეს და სკანდალურ ამბავთა შორის ლამის პირველ ადგილზეა ბესო ჯუღაშვილის ახალგაზრდობის წლების "ცოდვა" - ექსპროპრიაციად მონათლული ბანკის გაძარცვა თბილისში.

ამ "ტერორისტულ აქტს" ისე შთამბეჭდავად აღწერენ, რომ ძნელია არ ერწმუნო მავანთა მტკიცებას. 1907 წლის 13 ივნისს, დილის 10 საათსა და 30 წუთზე თბილისის მაშინდელ მთავარ,
ერევანსკის მოედანზე ბომბების აფეთქებამ მთელი ქალაქი შეაზანზარა. ხმა გავარდა, რომ თანხის გადატანისას თავს დაესხნენ ფულით დატვირთულ თბილისის ბანკის ეტლს და თვალის დახამხამებაში გაძარცვეს! კარგად ორგანიზებულ მძარცველთა ბანდას კი ბესო ჯუღაშვილი ხელმძღვანელობდაო... მეტიც, იმ გოგონების ვინაობასაც ასახელებენ, სტალინს რომ "გვერდით ედგნენ" ტერაქტისას... ამ ტერაქტს თავის დროზე ფრანგული "ლე ტემპიც" გამოეხმაურა და ინგლისური "დეილი მირორიც"...

კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით გასული საუკუნის დასაწყისში თბილისში განხორციელებული ტერაქტად შერაცხული ბანკის ძარცვის თემას და გვინდა მკითხველს შევთავაზოთ ჩვენეული ვერსია.

მოგეხსენებათ, ექსპროპრიაცია ერთი კლასის მიერ მეორისთვის საკუთრებისა და, ამასთან ერთად,
სოციალური მდგომარეობის ჩამორთმევას ნიშნავს. ექსპროპრიაციად მოინათლა თბილისში გასული საუკუნის დასაწყისში მომხდარი ტერორისტული აქტი, რომელსაც სტალინს მიაწერენ. ეს ის პერიოდია, როდესაც ნოე ჟორდანიამ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ ელიტაში მდგომარეობა განიმტკიცა. დამარცხებული იოსებ ჯუღაშვილი
ყრილობის მუშაობის დამთავრების შემდეგ (1907 წლის 19 მაისი) თბილისში დაბრუნდა.

თბილისში მას აღარ ედგომებოდა და მალე ბაქოში გადავიდა. 1907 წლის 20 ივნისს ბაქოში გამომავალი არალეგალური გაზეთის "ბაკინსკი პრო­ლეტარის"­ პირველ ნომერში დაიბეჭდა იოსებ ჯუღაშვილის წერილი "სათათბიროს გარეკვა და პროლეტარიატის ამოცანები". წერილი 1907 წლის 3 ივნისს იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მიერ რუსეთის მეორე სახელმწიფოს დათხოვნას ეძღვნებოდა. გაზეთის იმავე ნომერში დაიწყო და მეორე ნომერში­ (გამოვიდა 1907 წლის 10 ივლისს) დასრულდა იოსებ ჯუღაშვილის ვრცელი წერილის
ბეჭდვა "რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლონდონის ყრილობა (დელეგატის წერილები)".

...მანამდე კი თბილისში მოხდა ამბავი, რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა რუსეთის იმპერიასა და მთელ მსოფლიოში.
1907 წლის Advertisement 13 ივნისს თბილისში ერევანსკის (დღევანდელი თავისუფლების) მოედნიდან ტერორისტებმა გაიტაცეს რუსეთის იმპერიის ხაზინის კუთვნილი ფული - 250 ათასი მანეთი (ფულის ნიშნები და ბანკის საკრედიტო ბარათები). საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ერევანსკის მოედანზე ექსპროპრიაცია განახორციელეს სოციალ-დემოკრატებმა (რსდმპ თბილისის კომიტეტმა). ოპერაციის საერთო ხელმძღვანელი იყო იოსებ ჯუღაშვილი, ხოლო უშუალო შემსრულებელი სიმონ ტერ-პეტროსიანი (კამო).

საარქივო მასალების შესწავლის შედეგად კი დადგინდა, რომ იოსებ ჯუღაშვილს 1907 წლის 13 ივნისს თბილისში განხორციელებულ ექსპროპრიაციასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია, მეტიც, ერევანსკის მოედნიდან ფული გაიტაცეს არა სოციალ-დემოკრატებმა, არამედ სოციალისტ-რევოლუციონერებმა (ესერებმა). ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ ესერთა პარტიის წევრები:
1) სარქის ალექსანდრეს ძე ოთაროვი - მეშჩანი, 48 წლის, სომხურ-გრიგორიანული აღმსარებლობისა, ამიერკავკასიის ოლქის სადაზღვევო საზოგადოების აგენტი, მცხოვრები თბილისში, მალაკნების ქუჩაზე, N50 სახლში;
2) ვასილ ვასილის ძე პილეცკი - მემამულე, 22 წლის, ამიერკავკასიის რკინიგზაზე ფოსტის გადაზიდვის მერვე განყოფილების თანამშრომელი, მცხოვრები თბილისში, სადგურის ქუჩაზე, N12 სახლში.

განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი