Civil.ge
19 June 2017, 20:05

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს მიერ მომზადებული ორი გადაცემის „ინტერVIEW“ და „წითელი ზონა“ დაგეგმილ დახურვასთან დაკავშირებით არსებულ საზოგადოებრივ წინააღმდეგობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ გადაცემების დახურვა ტელეკომპანიის „განახლების“ გეგმების ნაწილია. 

„თუ გვინდა, რომ საქმის ვითარება სწორად გავიაზროთ, უნდა ვისაუბროთ ყველა გადაცემაზე და არა მხოლოდ ორზე. მაუწყებელზე მიმდინარეობს დიდი განახლება. იცვლება მთლიანად ბადე, შემოდის ახალი გადაცემები, ქართული სერიალები, ზოგი არსებული გადაცემა კი მნიშვნელოვნად განახლდება. იმ სახით რაც დღესაა, არც ერთი გადაცემა არ დარჩება“, - განაცხადა მაღლაფერიძემ ინტერვიუში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 19 ივნისს გამოაქვეყნა.

„ამ ორი გადაცემის გამოყოფა არასწორად მიმაჩნია. ყველა გადაცემა ერთად ქმნის არხის სახეს და ყველაფერი ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა მაღლაფერიძემ და დასძინა, რომ „რატომ გვინდა, რომ ზოგი არსებული გადაცემა ახლით შევცვალოთ და ზოგშიც ცვლილებები შევიტანოთ, ვფიქრობ, ამას ახსნა არ სჭირდება“.

გენერალურმა დირექტორმა კონკრეტულად რადიო თავისუფლების მიერ მომზადებულ გადაცემებზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს ორი გადაცემა არ გახლავთ რადიო „თავისუფლებისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროდუქცია“ და რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს „მხოლოდ მისი გაშვება ევალება“. „საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ პლატფორმაა და მეტი არაფერი და საზოგადოებრივის მხოლოდ პლატფორმად გამოყენება არც ჩვენთვის არის საინტერესო და არც სხვისთვის მგონია, რომ იყოს.“, - განაცხადა მან.

მაღლაფერიძემ ასევე განმარტა, რომ „ჩვენ გადაცემები კი არ დავხურეთ, არამედ როცა ამის დრო მოვიდა, უარი ვთქვით ხელშეკრულების გაგრძელებაზე, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს მხოლოდ უტყვი პლატფორმის ფუნქცია რჩება“.

თუმცა მან იქვე დასძინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, „ვაწარმოოთ ერთობლივი პროდუქცია სხვა სტუდიებთან და მედიასაშუალებებთან ერთად, და რასაკვირველია, რადიო  თავისუფლებასთან  ერთადაც, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ. საზოგადოებრივ მაუწყებელს ბევრად დიდი პოტენციალი აქვს და მას შეუძლია, ერთობლივ პროდუქციაში მნიშვნელოვანი ინტელექტუალური რესურსის ჩადება“.

პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების გამოხმაურება

გადაცემების „ინტერVIEW“ და „წითელი ზონა“ დახურვამ გარკვეული კითხვები აღძრა პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 14 ივნისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც შეშფოთებას გამოხატავს გადაცემების დაგეგმილი დახურვის გამო და ტელევიზიის მენეჯმენტს ამ გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.

„ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ ორივე გადაცემის შენარჩუნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადეში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „წითელი ზონა“ და „ინტერview-ს“ მაყურებელს მაღალი პროფესიული სტანდარტებით მომზადებულ მრავალფეროვან მედიაპორდუქტს სთავაზობდა“,  - განაცხადა ორგანიზაციამ.

ანალოგიური მოსაზრება გაახმოვანეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მედიის ადვოკატირების კოალიციამ.

„ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ „რადიო თავისუფლების“ გადაცემების დახურვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან ხელისუფლების მწვავე კრიტიკის გაქრობის ინტერესს შეიძლება უკავშირდებოდეს და აჩენს ეჭვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან აღნიშნული გადაცემების დახურვის პოლიტიკურ დაინტერესებულობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ორგანიზაციების მიერ 15 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ ორივე გადაცემა „გამორჩეული პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის გადაცემებია, რომელიც ძალაუფლებრივი ღერძებისა და პოლიტიკური პროცესების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა“.

„ამ პირობებში საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან აღნიშნული გადაცემების დახურვა მხოლოდ ზოგადი და  აბსტრაქტული დასაბუთებით, რომ ხელმძღვანელობას არ სურს პოლიტიკური გადაცემების გარე რესურსით მომზადება, დაუსაბუთებელი და თვითნებური ჩანს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საზმაუს გადაწყვეტილება თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმაც გააკრიტიკეს. ორმა პარტიამ 16 ივნისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც აღნიშნული გადაწყვეტილება „გამიზნულად აფერხებს არხის კულტურულ განვითარებას და მაქსიმალურად ზღუდავს სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, შეგნებულად წყვეტს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ღირებულებით და ანალიტიკურ მხარდაჭერას“.

„ამ გადაწყვეტილებებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ემსახურება ხელისუფლებას, რომლის მიზანია მედია სივრცის მონოპოლიზაცია, კრიტიკული აზრისა და თავისუფალი სიტყვის შევიწროება. რამდენიმე მსხვილი კერძო ტელევიზიის სრული დაქვემდებარების შემდეგ ხელისუფლება ცდილობს, ახლა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დათმოს დამოუკიდებლობა და უღალატოს კანონით დადგენილ თავის მთავარ დანიშნულებას, შეწყვიტოს საზოგადოების სამსახური“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამეურვეო საბჭომ ვასილ მაღლაფერიძე, ყოფილი დეპუტატი და 2005-2008 წლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორად 6 იანვარს აირჩია.  2014 წლიდან 2016 წლის სექტემბრამდე მაღლაფერიძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს გენერალურ პროდიუსერად მუშაობდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ და მაუწყებლის მენეჯმენტმა 7 მარტს შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც მაუწყებელი 2017 წლის 17 ივლისიდან საინფორმაციო გადაცემის გარდა ყველა სატელევიზიო და რადიო გადაცემას დახურავს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა 13 ივნისს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობას შორის 2015 წლის 12 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემების „ინტერVIEW“-სა და „წითელი ზონას“ მომზადებას ითვალისწინებდა, ვადა ივლისის შუა რიცხვებში ეწურება და ეს ორი გადაცემა ტელევიზიის ეთერში აღარ გავა.

highlightSearchTerms('maintext','', 'yellow'); highlightSearchTerms('titletext','', 'yellow'); უახლესი ამბები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი