ambebi.ge
19 May 2017, 20:20
მომღერალ ლაშა ღლონტის ცხოვრებაში უჩვეულო მოვლენა მოხდა. სრულიად მოულოდნელად მამის, თენგიზ ღლონტის ნახატი აღმოაჩინა, რომელიც 61 წლის წინ არის შესრულებული. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამ სურათზე ის ადგილია ნაჩვენები, სადაც მისი ცხედარი იპოვეს.

თენგიზ ღლონტი წლების განმავლობაში ბათუმის მთავარი მხატვარი და სამხატვრო ტექნიკუმის დირექტორი გახლდათ. ასაკში ალცჰეიმერით დაავადდა. გასულ წელს სამწუხარო ვითარებაში გარდაიცვალა - სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა. მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს კი ზღვისა და მდინარის შესართავთან გარდაცვლილი ნახეს.

მამაზე, თავის ოჯახზე და ამ საოცარ ამბავზე ლაშამ "სარკეს" უამბო:

- არაბუნებრივი და საოცარი ისტორიაა, ამაზე საუბარი ძალიან მიმძიმს. ჩემი მეგობარი ნიკა წულუკიძე, ფერწერით არის გატაცებული და სახლში უამრავი სურათი აქვს. გამოფენა-გაყიდვებზე ხშირად დადის. ერთ დღესაც წავიდა გამოფენაზე, სადაც უცნობი მხატვრის ნახატებიც იყიდებოდა... დამირეკა, ბათუმელი მხატვრის, თენგიზ ღლონტის ნახატი ვნახე და მამაშენი ხომ არ ხატავდაო.

მამას თბილისის სამხატვრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული, შემდეგ ბათუმის მთავარი მხატვარიც იყო და სამხატვრო ტექნიკუმის დირექტორიც, მაგრამ ძირითადად დიზაინის კუთხით მუშაობდა. ვიცოდი, რომ არ ხატავდა და შესაბამისად მისი ფერწერული ნამუშევრებიც არ მქონდა ნანახი. მახსოვს, როგორ ვთხოვდი, დახატე-მეთქი, მაგრამ რატომღაც ხატვის ინტერესი ჰქონდა დაკარგული.

მოკლედ, ნიკასთან საუბარი რომ დავასრულე, მაშინვე დედას დავურეკე და ვკითხე, მამა ფერწერაზე თუ მუშაობდა-მეთქი, მიპასუხა, ცოლად რომ მომიყვანა, აღარ ხატავდაო.

აღმოჩნდა, რომ მამა ადრეულ ასაკში ხატავდა, სურათი რომ ვნახე, მისი ხელმოწერა ვიცანი და, რა თქმა უნდა, შევიძინე. ნიკა წულუკიძემ დიდი საჩუქარი გამიკეთა და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი.

- რა არის გამოსახული ნახატზე?
- 16 წლის ყოფილა, როცა დაუხატავს ადგილი, სადაც წლების შემდეგ გარდაცვლილი ვიპოვეთ. ყველაზე საოცრება ისაა, რომ სურათზე ამინდიც ისეთია, როგორიც იმ დღეს იყო, როცა მისი ცხედარი ვნახეთ.

ნამუშევარზე მოხუცი გაურკვეველი მიმართულებით მიდის, სადაც გუბე ჩანს. ბათუმის ახალი ბულვარის ბოლოს, მდინარე ზღვას რომ უერთდება, ზუსტად ასეთი ადგილია. დედამ სურათი რომ ნახა, ცრემლები წამოუვიდა. ნამუშევარი სოციალურ ქსელში რომ განვათავსე, უამრავმა ადამიანმა მომწერა, რომ მამაჩემმა თავისი სიკვდილი იწინასწარმეტყველა.

- თქვენ რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა ეს ტილო ნახეთ?
- რაღაცნაირად შემეშინდა, ვინერვიულე, სხვანაირად განვიცადე და გულთან ახლოს მივიტანე. თებერვალში მამის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა და ძალიან მენატრება. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ დღეს მისი საფლავი მაქვს.

- როგორ გახსენდებათ მამასთან ერთად გატარებული წლები?
- მამა ძალიან საინტერესო, ნიჭიერი პიროვნება იყო. ინტელექტუალური იუმორი ჰქონდა. იტალიაში ხშირად მოგზაურობდა. მუსიკალური სმენა - არა, მაგრამ საოცარი გემოვნება ჰქონდა. სიმღერის ნიჭი მე და ჩემს დას დედისგან გამოგვყვა, ერისთავის ქალია.

- დედათქვენი ბათუმში მარტო ცხოვრობს?
- დიახ. ქმრის გარდაცვალების მერე ბათუმიდან ვერ წამოვიყვანეთ, იქ დარჩენა ამჯობინა. დედა ფილოლოგია, მეცნიერი გახლავთ. ამჟამად ბათუმში მემედ აბაშიძის მუზეუმის დირექტორია და მეცნიერულ საქმიანობას აგრძელებს.

- რადგან თქვენთან საუბრის საშუალება მომეცა, აუცილებლად უნდა გკითხოთ მომღერალ ბექა ჩხაიძეზე, დიდი ხანია ანსამბლ "ალილოში" არ გამოჩენილა, Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. რამე ხომ არ შეიცვალა?
- ბექასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდა. საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა და თავისი გზა აირჩია. უკვე რამდენიმე თვეა "ალილო" ბექას გარეშეა. ანსამბლში რომ მივედი, ბექა იქ დამხვდა. ჩვენ 16 წლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებდა. გული დაგვწყდა, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილება იყო.

სოფო ბოჭორიძე
ჟურნალი "სარკე"
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი