Regions.ge
10 February 2017, 00:20
,,რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებული მუშების საპროტესტო აქციები გრძელდება. თბილისიდან რუსთავში დაბრუნებულები, ახლა უკვე საწარმოს ადმინისტრაციულ შენობასთან ითხოვენ სამსახურში უპირობოდ დაბრუნებას. მათთან ერთად  საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირებისა და სხვადასხვა დარგობრივი პროფესიული კავშირების წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებიც გათავისუფლებული მუშების უფლებების დაცვას სამართლებრივად  აპირებენ. ისინი პასუხების მიღებას ამ დრომდე ცდილობენ კომპანიის ხელმძღვანელებისგან და „საქართველოს ბანკიდან“, რომელიც, მათი მტკიცებით, საწარმოს არაოფიციალური მფლობელია. ამ ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფენ „საქართველოს ბანკში“ და აღნიშნავენ, რომ „რუსთავის აზოტთან“ კავშირი არ აქვთ. რა ურთიერთობა აქვს „რუსთავის აზოტის“ ახალ მფლობელს „საქართველოს ბანკთან“ და როგორ გაიმარჯვა 2016 წლის 10 აგვისტოს რეგისტრირებულმა კომპანიამ აუქციონში, ამაზე მოგვიანებით, ჩვენს ჟურნალისტურ გამოძიებაში გიამბობთ. მანამდე კი საინტერესოა ერთი დეტალი _  „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა“ (EBRD) და  კომპანია "რუსთავის აზოტს" შორის 155-მილიონიანი დაფინანსების თაობაზე შეთანხმება 2016 წლის 20 ივლისს საზეიმოდ გაფორმდა. დოკუმენტს ხელი EBRD-ის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ და Loyal capital group S.A.-ს დამფუძნებელმა და "რუსთავის აზოტის" მფლობელმა რომან ფიფიამ მოაწერეს. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, „დაფინანსება გამოყენებული იქნება ამიაკის წარმოების ხაზის რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, რაც ენერგოეფექტური ღონისძიებების გამოყენებით გახორციელდება. შედეგად, ენერგიის მოხმარება 30%-ით შემცირდება. 155 მილიონი დოლარის დაფინანსებიდან, რეფინანსირებისთვის 125 მილიონ დოლარი EBRD გასცემს, ხოლო 30 მილიონ დოლარს _ "საქართველოს ბანკი". EBRD-ის მიერ გასაცემი 125 მილიონიდან 50 მილიონი ევრობანკის საკუთარი სახსრებია, 25 მილიონი _ ჰოლანდიური ბანკ FMO-ს, ხოლო 50 მილიონი ლუქსემბურგში არსებული East West United Bank-ის. EBRD-ის სესხის გაცემის მომენტისთვის "რუსთავის აზოტის" თანამფლობელი გახდება "საპარტნიორო ფონდი", _ ითქვა ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები ესწრებოდნენ. გიორგი კვირიკაშვილი მაშინ მიიჩნევდა, რომ  ეს არის ახალი, მისასალმებელი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკის რეალურ სექტორში: „2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც იყო გაგანია საბრძოლო მოქმედებები, ევრობანკმა საქართველოსთვის მხარდაჭერის ნიშნად, შეავსო საპარტნიორო ანგარიში ერთ-ერთ პროგრამაში, ერთ-ერთ ბანკში, რომელშიც მე მაშინ ვმუშაობდი და ეს იყო EBRD-ის მიერ, საქართველოს საბანკო სექტორისა და საქართველოსადმი მხარდაჭერის ძალიან მკაფიო გამოხატულება და რწმენა, რომ საქართველო შეუქცევადად ადგას განვითარების სწორ ვექტორს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მართლაც ძალიან დიდ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი საქართველოს რეალურ სექტორსა და ევრობანკს შორის“, _ განაცხადა ხელმოწერის ცერემონიალზე პრემიერ-მინისტრმა. "რუსთავის აზოტის" მფლობელი რომან ფიფია ამბობდა, რომ პროექტის შედეგად კომპანიის შემოსავლები და მასთან ერთად საქართველოდან ექსპორტიც გაიზრდება: "ჩვენ გავაორმაგებთ ქარხნის წარმადობას. დღეს ჩვენ ვაწარმოებთ ნახევარ მილიონ ტონა გვარჯილას, აქედან, 450 ათასი ტონა გადის ექსპორტზე, 50 ათასი ტონა კი საქართველოში მოიხმარება. პროექტის შედეგად ჩვენი წარმადობა 1 მილიონი ტონა გახდება, ეს კი ავტომატურად გაზრდის ექსპორტს. ჩვენი ექსპორტი ხორციელდება მთელ ევროპაში, ლათინურ და ჩრდილოეთ ამერიკაში. შავი ზღვის ტერმინალსაც ვაშენებთ, რომელზეც 40 მილიონ დოლარს დავხარჯავთ და ის ექსპორტს გაგვიმარტივებს", _ ამბობდა რომან ფიფია. თუმცა, აქედან ერთ თვეში გაირკვა, რომ  პროექტი შეჩერდა და იმჟამინდელი მფლობელის და პრემიერის განცხადებებიც მხოლოდ არქივს შემორჩა, სამაგიეროდ, გაირკვა, რომ ფინანსური კრიზისის გამო, აზოტიდან 350 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ჩვენ შევეცადეთ რომან ფიფიასგან გაგვეგო, რატომ ჩაიშალა გარიგება, თუმცა, ბიზნესმენს ტელეფონი გამორთული აქვს. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს „გურია ნიუსი“ მთელი დღეა ცდილობს ამ საკითხზე მთავრობის მეთაურის პოზიციის გარკვევას, თუმცა, ამ დრომდე პრემიერის აპარატიდან პასუხი ვერ მივიღეთ. აღსანიშნავია, რომ პრემიერთან შეხვედრას და მისი პოზიციის გაგებას აქციის მონაწილეებიც ითხოვენ. თუ გიორგი კვირიკაშვილი მოგვიანებით მაინც აგვიხსნის „ყველაზე წარმატებული პროექტის“  წარუმატებლობის მიზეზს, „გურია ნიუსი“ მას მიღებისთანავე გამოაქვეყნებს, მანამდე კი ჩვენ გავაგრძელებთ თემაზე მუშაობას და მკითხველს თანდათანობით შევთავაზებთ მასალებს „რუსთავის აზოტთან“ დაკავშირებით.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
10.02.2017
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი